Friday, August 13, 2010

კიკეთელი თაგვების ზამთრის სერენადა


ყოველთვის მეგონა, რომ ზამთარში კიკეთელ თაგვებს ძალიან სციოდათ და იმისათვის, რომ გამთბარიყვნენ, მხოლოდ დაჭერობანას თამაშობდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთლად მასეც არ ყოფილა საქმე...
თაგვებს მხიარულად გატარებული ზაფხულის შემდეგ, უმოქმედოდ დარჩენილი სათამაშო გუსლისათვის მიუგნიათ და ლამაზი მელოდიაც აუმღერებიათ.
მხოლოდ ყურის დაგდება აღმოჩდა საჭირო... იქ ისმოდა, სარკმლიდან რომ მზე ეცემა...
როგორ არ უნდა მოგინდეს ადამიანს ასეთ მუსიკოსებთან ზამთრის გატარება?!
"სტუმარმა" ეს მელოდია დაიმახსოვრა და ჩაწერა, რომ თქვენ მოგასმენინოთ.


Wednesday, August 11, 2010

ახალი ინსტრუმენტი, ახალი შთაგონების წყარო...


"სტუმრის" მეგობრებისთვის არ არის უცნობი რაფაელ კროჰასის სახელი და გვარი. ეს ის ადამიანია, ვინც სრულიად შემთხვევით შეარქვა სახელი ჩვენს ანსამბლს - "სტუმარი" .
ის ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელია. მშვენივრად ფლობს სხვადასხვა სახის მუსიკალურ ინსტრუმენტს, რასაც პროფესიონალური ხმის რეჟისორის განათლებაც ემატება.
ის მცირე ხნით უკრავდა კიდეც ანსამბლში ხან უდუზე და ხანაც ჩინურ ფლეიტაზე... ეს ორივე ინსტრუმენტი რაფაელმა "სტუმარს" უსახსოვრა. ინსტრუმენტების გაცვლაგამოცვლა ამით არ დასრულებულა: რაფაელმა შვეიცარიაში ჯერ ფანდური, შემდეგ კი დოლი და დაირაც წაიღო.
როგორც ყოველთვის, რაფაელს წელსაც ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი თბილისში. წამოსვლის წინ დარეკა და მახარა რაღაც სიურპრიზი მომაქვს და წინასწარ არ გეტყვიო... ცხადია, უკვე ვიცოდი, რომ რაღაც ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო. აეროპორტიდან მგზავრობისას პატარა ყუთი ამოაძვრინა და გახსნას შეუდგა. მე შევაჩერე - მოდი გამოვიცნობ მეთქი... ოღონდ ვთხოვე რაიმე მინიშნება მოეცა. გამოვარკვიე რომ აფრიკული იყო... ამის შემდგომ ბევრი არ მიფიქრია, ყუთის ზომებიდან გამომდინაზე დავასკვენი, რომ კალიმბა უნდა ყოფილიყო. ჩემი ვარაუდი გამართლდა!
კალიმბა მცირე ზომის გამოსაკვრელი ინსტრუმენტია, რომელიც ხის კორპუსისა და ლითონის ღერებისგან მზადდება. აფრიკელები ათასნაირი ზომისა და ფორმისას აკეთებენ. რაფაელის ნაჩუქარი ინსტრუმენტი საკმაოდ დახვეწილი და პროფესიონალური აღმოჩნდა.
ბევრი დრო არ დაგვიკარგავს, მალევე გაიჟღერა ახალმა მელოდიამ და "სტუმრის" რეპერტუარს ახალი კომპოზიციაც შეემატა. არანჟირება რაფაელთან ერთად გაკეთდა, უდუს პარტია კი თავად შეასრულა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კალიმბამ უკვე დაიმკვიდრა ადგილი "სტუმრის" ინსტრუმენტების არსენალში და დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ არაერთი საინტერესო მელოდია შესრულდება მასზე.
ეს კი კალიმბაზე შესრულებული ახალი კომპოზიცა "ჩელა" გახლავთ: