Friday, October 1, 2010

პროკრედიტ ბანკში გემოვნებიან მუსიკას აფასებენ


ჩვეულებრივი სიტუაციაა, როდესაც რომელიმე ორგანიზაცია თანამშრომლებისთვის ან კლიენტებისთვის წვეულებას მართავს. როგორც წესი, ამ დროს ყველაფერი სტანდარტულად იგეგმება - "ფურშეტი", პროექცია, სიტყვით გამოსვლა, ცოცხალი მუსიკა და .. სტუმარიც თითქმის ყოველთვის მიჩვეულია, რომ მას საღამოზე რაღაც რადიკალურად განსხვავებული და არასტანდარტული არაფერი დახვდება. ცოცხალ მუსიკას, უმეტესად, მცირე შემადგენლობის ჯაზ ბენდი ან დუეტი წარმოადგენს, რომლებიც ჯაზ სტანდარტებსა და პოპულარულ მელოდიებს უკრავენ და წვეულების სივრცეს ნეიტრალური ფონით ავსებენ. ამ დროს მუსიკა, როგორც წესი, მეორე პლანზე ინაცვლებს და მუსიკოსებიც ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, უემოციო სახეებით ასრულებენ დაკვეთას. იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც წვეულება უფრო საინტერესო ფორმით ტარდება. მაგალითად, 29 სექტემბერს, პროკრედიტ ბანკის მიერ სასტუმრო "რადისონში" დაგეგმილ ღონისძიებაზე მოსული სტუმრების ყურადღება სრულიად განსხვავებულმა და მსგავსი მიღებებისთვის არატრადიციულმა ჰანგებმა მიიპყრო. ამ დღეს მათთვის "სტუმარი" უკრავდა.



ანსამბლის მოწვევა პროკრედიტ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის - თიკო ნადირაძის იდეა იყო. სპეციალურად წვეულებისთვის "სტუმარმა" რამდენიმე კომპოზიცია საგანგებოდ დაამუშავა და მას არანჟირებაც გაუკეთა.



მისასალმებელია ფაქტი, რომ ამგვარ ღონისძიებაზე არჩევანი სწორედ ორიგინალურ და არასტანდარტულ მუსიკაზე შეჩერდა. ეს დამკვეთის დახვეწილ გემოვნებასა და ორიგინალურობაზე მეტყველებს.


საღამომ შესანიშნავად ჩაიარა! "სტუმარს" ხელს უწყობდა სასტუმრო "რადისონის" მისაღები დარბაზის მშვენიერი აკუსტიკა, რომელიც ანსამბლის კუთვნილი აპარატურის ჟღერადობასთან სრულ ჰარმონიაში იყო.



მადლობას ვუხდით ლაშა გაბუნიას მოწოდებული ფოტოებისთვის